საერთო მითითებები ბეტონის ავზის მონტაჟისთვის, გამოყენებისა და რეცხვისთვის:
1. დადგით რეზერვუარი ვერტიკალურად.
2. ბეტონის რეზერვუარების ოთხივე კუთხე უნდა იდგეს საყრდენებზე (მაგ, ბეტონის სადგამები, პლატფორმები). იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კუთხე არ არის კონტაქტში საყრდენთან, გამოიყენეთ თხელი ლითონის ან მყარი პლასტმასის კონსტრუქციები, რათა ავზი განთავსდეს სწორ მდგომარეობაში.
3. საყრდენი უნდა განლაგდეს მყარ და სწორ ზედაპირზე.
4. რეზერვუარების გადასაადგილებლად გამოიყენეთ სპეციალური ამწე მანქანები.
5. ბეტონის რეზერვუარები უნდა იყოს შენობაში განთავსებული. გარეთ მათი განთავსება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სივრცე არის გადახურული და ავზები სავსეა სითხით.
6. გამოყენებამდე შეასრულეთ ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები და შეამოწმეთ რეზერვუარის ჰერმეტულობა, შეავსეთ ის წყლით ბოლომდე.
7. არ დაუშვათ რეზერვუარის კონტაქტი მჟავიან ან კოროზიულ სითხეებთან, გარდა ავზის რეცხვისა, რა დროსაც გამოიყენება ღვინის მჟავა და ნატრიუმის კარბონატი, რაც დასაშვებია პროტოკოლის მიხედვით.
8. რეზერვუარის შევსებისა და დაცლის დროს ზედა ლუქი უნდა დარჩეს ღია.
9. რაც შეეხება ტემპერატურის რეგულირებას, არ გაზარდოთ ან შეამციროთ ტემპერატურა 5°C-ზე მეტით 24 საათში.
ბეტონის რეზერვუარის მომზადება:
1. ახალი ბეტონის რეზერვუარის პირველადი დამუშავებისთვის საჭიროა 25%-30%-იანი ღვინის მჟავის ხსნარი არაქლორირებული წყლით. რეზერვუარის შიდა ზედაპირის სარეცხად გამოიყენება ხელის ტუმბო ან დაბალი წნევის გასაშხურებელი. პროცედურა უნდა განმეორდეს მინიმუმ 3-ჯერ და დასრულდეს ავზის შევსებამდე მინიმუმ 24 საათით ადრე.
2. ღვინის მჟავით დამუშავების შემდეგ დაელოდეთ 1-2 საათი, რათა მჟავა რეაქცია დასტაბილურდეს, ამის შემდეგ გარეცხეთ რეზერვუარი ოთახის ტემპერატურის წყლით და გააშრეთ.
3. ღვინის მჟავის ხსნარით დამუშავების დროს შეფუთეთ რეზერვუარის გარე ნაწილები, რათა თავიდან აიცილოთ კოსმეტიკური დაზიანებები.
4. რათა დარწმუნდეთ, რომ რეზერვუარი მზად არის გამოყენებისთვის, შეამოწმეთ 50%-იანი ღვინის მჟავით. ხსნარის მცირე რაოდენობა მოასხით შიდა კედელზე. თუ გამოჩნდება ბუშტუკები, ეს ნიშნავს, რომ რეზერვუარი სრულყოფილად სუფთა არ არის. ამ შემთხვევაში, გაიმეორეთ რეცხვის იგივე პროცედურა და ტესტი. დამუშავების შემდეგ, რეზერვუარი უნდა გაირეცხოს წყლით, სანამ ღვინით ან ყურძნის წვენით შეივსება.
5. ღვინის მჟავა უნდა შეინახოთ მშრალ ადგილას, 0-22°C ტემპერატურაზე. გამოყენების ვადა არის წარმოებიდან 4 წელი. გახსნილი მჟავა ინარჩუნებს ვარგისიანობას 4 თვის განმავლობაში, კონტეინერი უნდა დაიხუროს ჰერმეტულად.
6. ყოველთვის შეამოწმეთ გლიკოლის სისტემის გამართულობა წყლის ტესტირებით, რათა ტრანსპორტირების დროს არ იყოს დაზიანებული.
რეზერვუარის რეცხვა გამოყენების შემდეგ:
ა) რეცხვა მხოლოდ წყლით, ღვინის ქვის მოშორების გარეშე:
1. რეზერვუარის დაცლის შემდეგ, გამოიყენეთ 32°C-ზე დაბალი ტემპერატურის წყალი.
2. წყლის ტემპერატურის მოულოდნელი ზრდა არ შეიძლება. თუ ცხელი წყალი აუცილებელია, ტემპერატურის გაზრდა უნდა მოხდეს თან და თანობით.
3. არ გამოიყენოთ მყარი ჯაგრისი ან მაღალი წნევის წყლის ჭავლი.
ბ) ღვინის ქვის მოშორება წყლით ან ნატრიუმის კარბონატის ხსნარით:
1. ღვინის ქვის მოსაშორებლად რეზერვუარს სჭირდება ხელახალი დამუშავება 25%-30%-იანი ღვინის მჟავით. შემდეგ, რეცხვა გრძელდება 1.5%-იანი ნატრიუმის კარბონატის ხსნარით დახურული წრიული მოძრაობით, დაბალი წნევის ტუმბოთი.
2. ტუმბო მუშაობს ძალიან დაბალი წნევით, რათა ხსნარი ნაზად გადანაწილდეს რეზერვუარის კედლებზე და არ დაზიანდეს ზედაპირი.
3. დაუშვებელია ლიმონმჟავის, გოგირდის ან სხვა მჟავის შემცველი სარეცხი საშუალებების გამოყენება.
გ) გარეცხილი რეზერვუარი ყოველთვის კარგად გააშრეთ და დატოვეთ მუდმივი ვენტილაციის პირობებში.რეზერვუარი უნდა დარჩეს ღია, რომ ჰაერი ცირკულირებდეს.