თუ თქვენ გაქვთ 30-ზე მეტი გემოვნების რეცეპტორი, თქვენ სუპერ-დეგუსტატორი ხართ. ჩვენს ბლოგში შეიტყობთ ვინ არის სუპერ-დეგისტატორი და ხართ თუ არა ერთ-ერთი მათგანი. თუმცა გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ შეისწავლოთ ღვინის დაგემოვნება და სრულყოფილად შეფასება.
არსებობს სამი ტიპის დეგუსტატორი:
სუპერგემოს შემგრძნობი
საშუალო გემოს შემგრძნობი
სუსტი გემოს შემგრძნობი
ქალებში სუპერგემოს შემგრძნობთა რიცხვი ორჯერ მეტია, ვიდრე მამაკაცებში.
იმისთვის რომ დაადგინოთ რამდენად კარგად შეგიძლიათ ღვინის დაგემოვნება, ჩაატარეთ მარტივი ტესტი. აიღეთ სუფთა პლასტიკის ან ცვილის ქაღალდი და გააკეთეთ ნახვრეტი. შემდეგ მოათავსეთ იგი ენის წინა ნაწილზე. დაითვალეთ შედარებით დიდი გემოვნების რეცეპტორები, რომლებიც პაპილებად იწოდება. მათი შემჩნევა არც ისე მარტივია, ამიტომ უფრო ზუსტი შედეგისთვის შეგიძლიათ წინასწარ დალიოთ ცოტა წითელი ღვინო, რათა ენა შეიღებოს. დაითვალეთ რეცეპტორები და ნახეთ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით.
სუპერგემოს შემგრძნობი: 30+ გემოვნების რეცეპტორი
თქვენთვის ყველაფერი ინტენსიურად იგრძნობა - მლაშე, ტკბილი, მჟავე, ცხიმიანი და მწარე. სუპერგემოს შემგრძნობთა კლასიკური ნიშანია მწარე ბოსტნეულის, მაგალითად, ბრიუსელის კომბოსტოს სიძულვილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი დიდებულად ჟღერს, ასეთი ადამიანები მწარე სასმელების მოყვარულნი ნაკლებად არიან. მაგალითად, არ მიირთმევენ მწარე ლუდებს, როგორიცაა IPA, ასევე, ტანინიან და სხეულიან ღვინოებს, უპირატესობას ანიჭებენ Pinot Noir-ის ტიპის ღვინოებს.
ასევე, ხშირად ურჩევნიათ ნეიტრალური და მსუბუქი საკვები. მიუხედავად გარკვეული შეზღუდვებისა, სუპერ-დეგუსტატორობა თავისებურ უპირატესობასაც ნიშნავს. იელის უნივერსიტეტის მკვლევარმა ლინდა ბარტოშუკმა დაადგინა, რომ სუპერგემოს შემგრძნებ ადამიანებს გაცილებით ნაკლები შანსი აქვთ სიმსუქნის განვითარების, ვიდრე მათ, ვინც გემოს ნაკლებად აღიქვამს.
საშუალო გემოს შემგრძნობი: 15-30 გემოვნების რეცეპტორი
ასეთ ადამიანებს მოსწონთ მწარე ბოსტნეული და არომატული ღვინოები. აშშ-ში ჩატარებული ტესტების მიხედვით, ადამიანების დაახლოებით 50% საშუალო გემოს შემგრძნობია, ასე რომ, დიდი შანსია, თქვენც მათ შორის იყოთ.
საშუალო გემოს შემგრძნობებს შეუძლიათ იგივე მწარე არომატების აღქმა ისე, რომ მათთვის უსიამოვნო არ იყოს. ამიტომ, ისინი მზად არიან დააგემოვნონ სხვადასხვა ტიპის საკვები. რაც მთავარია, გემოს აღქმის უნარი შეიძლება კიდევ უფრო დაიხვეწოს გარკვეული ტექნიკებით.
სუსტი გემოს შემგრძნობი: 15-ზე ნაკლები გემოვნების რეცეპტორი
ასეთი ადამიანებისთვის ცხარე ტაილანდური საკვები არ არის მტკივნეული გამოწვევა, ხოლო მაღალი ტანინის მქონე ღვინოები სასიამოვნოა. ისინი უპირატესობას ანიჭებენ მდიდარ, ცხარე და ინტენსიური გემოს მქონე საკვებს. მწარე გემოს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ. ზოგიერთ სუსტი გემოს შემგრძნობ ადამიანს საერთოდ არ აქვს მწარის შეგრძნება.
სუსტი გემოს შემგრძნობი ადამიანების კულინარიული გამოცდილება სრულიად განსხვავდება სხვა ორი ტიპის გემოს შემგრძნობებისგან. საბედნიეროდ, ღვინის მოყვარულბს მაინც შეუძლიათ განივითარონ დეგუსტაციის უნარები.
კვლევების მიხედვით, აზიელებში, აფრიკელებში და სამხრეთ ამერიკელებში სუპერგემოს შემგრძნობთა პროპორცია უფრო მაღალია, ვიდრე კავკასიელებში.
მიუხედავად იმისა, თუ რომელი ტიპის გემოს შემგრძნობი ხართ, შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი ღვინის აღქმის უნარი:
- გამოიყენეთ ცხვირი – ჩვენი გემოს აღქმის დიდი ნაწილი სუნის შეგრძნებაზეა დამოკიდებული. სცადეთ ღვინის არომატის შეფასება.
- გაამახვილეთ ყურადღება ტექსტურაზე – გარდა გემოსი, დააკვირდით ღვინის ან საკვების ტექსტურას და როგორ იცვლება ის თქვენს პირში.
- დააკვირდით ყველაფერს, რასაც სინჯავთ – ეს დაგეხმარებათ უკეთ განავითაროთ თქვენი გემოს შეგრძნების უნარი.
საწყის ეტაპზე ყველას დაახლოებით 10,000 გემოვნების რეცეპტორი აქვს, რომლებიც სხეულს ყოველ ორ კვირაში ბუნებრივად ეცვლება. თუმცა ასაკთან ერთად ეს რაოდენობა ორჯერ მცირდება. ამიტომ, რაც უნდა იყოს თქვენი გემოს აღქმის დონე, მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს უნარი, სანამ შეგიძლიათ.
გახსოვდეთ, რომ მოწევა და ძალიან ცხელი სასმელების სმა ასევე ამცირებს გემოვნების რეცეპტორების რაოდენობას.