Englishქართული

როგორ დავიწყოთ მეღვინეობის შესწავლა?

a.charkviani
09.01.24 01:56 PM Comment(s)

მეღვინეობა საუკეთესო ჰობია, თუმცა ბევრად უკეთესია, როცა კარიერად იქცევა. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. ღვინის ბიზნესი უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს თითოეულ ენთუზიასტს. საბედნიეროდ, ჩვენი ენთუზიაზმი არ იწურება, პირიქით სულ სიახლეების მოლოდინში ვართ ან თავად ვქმნით მათ. ყოველი ფესტივალი თუ დეგუსტაცია გვაერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის ენოლოგებს და მოყვარულებს ერთი თემის ირგვლივ  - მეღვინეობა, როგორც ხელოვნება.

როგორ მოვხვდეთ ღვინის ბიზნესში?!
კითხვა, რომელიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს, არის რატომ გინდათ ამ სფეროში მუშაობა?! არაუშავს თუ პირველი პასუხი, რაც თავში მოგივიდათ, ცოტა სულელურად ჟღერს. შესაძლოა თქვენც ჩემსავით მოიხიბლეთ სომელიეების დახვეწილი მოძრაობებით და საუბრით. ან, შესაძლოა, თვლით, რომ ალკოჰოლის მიღებით გამომუშავებული ყოველთვიური შემოსავალი არც თუ ცუდი იდეაა. მიზეზს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია აქ ხართ და გვიანი არასდროსაა გადაწყვეტილების მისაღებად.

ღვინის შესწავლა
მეღვინეობა დაკავშირებულია უამრავ სხვა სფეროსთან, როგორიცაა: ქიმია, მიკრობიოლოგია, გეოლოგია, გასტრონომია, გეოგრაფია და ისტორიაც კი. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, გემოვნური და ყნოსვითი რეცეპტორების განვითარებაა. ყველა კარგი ღვინო ყვება თავის ისტორიას, სწორედ ამიტომაა საჭირო სწორად შევიგრძნოთ რას ვაგემოვნებთ.

ახლა კი, თუ მზად ხართ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი და საინტერესო გამოცდილებისთვის, გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას თუ როგორ გახდეთ ღვინის მოყვარული.

დააგემოვნეთ რაც შეიძლება მეტი. ინტერნეტი სავსეა უამრავი ღვინის შემსწავლელი კურსით და ბევრი მათგანი მართლაც შესანიშნავია. თუმცა, ვფიქრობ ძველმოდური გზით დაწყება ბევრად პროდუქტიულია. რა თქმა უნდა, თეორია აუცილებელია, თუმცა პრაქტიკის გარეშე ვერასდროს შეძლებთ მიიღოთ სრულყოფილი გამოცდილება და შეაფასოთ პროდუქტი. ამიტომ გასინჯეთ ყველა ღვინო, რაც კი შეგხვდებათ, დაიმახსოვრეთ ყველა არომატი თქვენ ირგვლივ და ერთ დღესაც აღმოაჩენთ, რომ სომელიეობა ნიჭი კი არა პრაქტიკაა.

ღვინის არჩევისას გაითვალისწინეთ რეგიონი და ჯიში. ასე არა მხოლოდ სითხეს დააგემოვნებთ, არამედ სრულყოფილად შეიცნობთ ტერუარს და მის ზეგავლენას საბოლოო პროდუქტზე. შეავსეთ ჭიქები სხვადასხვა ღვინით და შეადარეთ. ასე საუკეთესოდ დაინახავთ სხვაობას და მიიღებთ სიღრმისეულ ცოდნას. დაესწარით ყველა ფესტივალს, არ არსებობს უკეთესი ადგილი პრაქტიკის მისაღებად.

დაგემოვნება ნაბიჯ-ნაბიჯი პროცესია, რომელიც ხელოვნებას ჰგავს. ყველაფერს, რასაც ვხედავთ, ყნოსვით და გემოთი შევიგრძნობთ, აქვს თავისი მიზეზი. რეცეპტორების გავლით ყველა ასპექტის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შეცნობით ვპოულობთ ინტერპრეტაციის გასაღებს და ვიწყებთ საუბარს ღვინოზე.

დაგემოვნებისას, ყოველთვის იქონიეთ ღვინის წიგნაკი, სადაც ჩაინიშნავთ თქვენს შეგრძნებებს და შენიშვნებს. ასე დააგროვებთ გამოცდილებას, რომელიც გაქცევთ პროფესიონალად.

ეწვიეთ ღვინის რეგიონებს, იმოგზაურეთ. არაფერი ახდენს უფრო დიდ ზეგავლენას, ვიდრე ღვინის მარანში პირველად ფეხის შედგმა. გაიარეთ ვენახში, ესაუბრეთ ადამიანებს, გაიცანით მეღვინე და მევენახე. დააგემოვნოთ ღვინო პიროვნებასთან, რომელმაც ის შექმნა, არის უძვირფასესი გამოცდილება.

გასინჯეთ ადგილობრივი კერძები. სამზარეულოს ცოდნა დაგეხმარებათ მეტად გაიაზროთ ლოკალური ღვინის სტილი.

გახსოვდეთ, რომ მეღვინეობის ერთ-ერთი დანიშნულება არის საკუთარი ემოციის გაზიარება სხვებისთვის, რასაც, საბოლოოდ, გადაყავხართ პროფესიონალიზმის ახალ დონეზე, ხოლო დამწყებს ეხმარებით პირველი ნაბიჯების გადადგმაში.

a.charkviani

Items have been added to cart.
One or more items could not be added to cart due to certain restrictions.
კალათში დამატებულია
Your cart has item(s).
- ამ პროდუქტების კალათში დამატება ახლა შეუძლებელია. გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით
რაოდენობა განახლებულია
- შეცდომა, გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით.
კალათიდან ამოშლა
- პროდუქტი კალათიდან ამ დროისთვის ვერ წაიშლება. გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით.