როგორ მოქმედებს მუხის კასრი ღვინის გემოზე?
გაეცანით დეტალურ მიმოხილვას იმის შესახებ, თუ რატომ არის მუხის კასრი თანამედროვე მეღვინეობის განუყოფელი ნაწილი. შეისწავლეთ განსხვავებული ტიპის კასრები და მათი ეფექტი ღვინოზე.
დაახლოებით 1600 წლამდე ღვინოს შუშის ბოთლების ნაცვლად ინახავდნენ ხის კასრებში. დროთა განმავლობაში სატრანსპორტო ფუნქციის პარალელურად კასრმა შეიძინა გემოვნური დატვირთვა. კასრები დიდი პაპულარობით სარგებლობს როგორც მეღვინეობაში, ასევე, ვისკის წარმოებაში.
მუხის კასრი ღვინოს სძენს სამ ძირითად მახასიათებელს:
1. ჰმატებს ღვინოს არომატებს, როგორიცაა ვანილი, ქოქოსი, შოკოლადი, თაფლი, სანელებლები, თივა და ა.შ.
2. კასრში მიდინარეობს მიკროოქსიგენაცია, რაც ნიშნავს ჟანგბადის შეღწევას ფორებიდან ღვინოში. ეს პროცესი ღვინოს არბილებს, ამრგვალებს და ამცირებს ტანინების სიუხეშეს.
3. უზრუნველყოფს შესაფერის გარემოს გარკვეული ქიმიური პროცესებისთვის, როგორიცაა ვაშლ-რძემჟავა დუღილი.
თუ ჩავუღრმავდებით სხვადასხვა გამოწვის და წარმომავლობის მუხის კასრებს, შევიტყობთ, რომ თითოეული მათგანი განსხვავებულად ზემოქმედებს ღვინის გემოვნურ და არომატულ პროფილზე. განასხვავებენ მსუბუქი, საშუალო და ძლიერი გამოწვის კასრებს. გამოწვის დონის ზრდასთან ერთად მატულობს არომატის ინტენსივობა. მსუბუქი გამოწვის მუხა, ძირითადად, გამოიყენება თეთრი ღვინისთვის, რომელსაც სძენს ვანილის, კარაქის, გახუხული პურის, მცენარეულ ტონებს. მაღალი გამოწვა წითელ ღვინოს ანიჭებს კვამლის, შავი შოკოლადის, ყავის არომატებს.
ლუდის ან სხვა სასმელებისგან განსხვავებით, ღვინოში არ არის დაშვებული არომატული ნივთიერებების შეტანა. გემოს ცვლილება მხოლოდ მუხის პროდუქტებით (კასრი, ტკეჩი, ჩიფსი) არის ნებადართული. კასრში დავარგებულ ღვინოში შერწმულია ჯიშური და მუხის არომატები, რაც ქმნის ახალ, მრავალპროფილურ გემოს.
ღვინის დავარგება შესაძლებელია როგორც ახალ, ასევე, მეორეულ მუხის კასრებში, თუმცა არომატების ექსტრაქცია განსხვავებულია. ახალ კასრში არომატების ინტენსივობა მაღალია. დროთა განმავლობაში, რამდენიმე გამოყენების შემდეგ მუხის ეს თვისება იკარგება და წარმოადგენს მხოლოდ ფორებიან ჭურჭელს, რომელიც უზრუნველყოფს მხოლოდ მიკროოქსიგენაციას.
რაც შეეხება ღვინის მუხაში დავარგების ხანგრძლივობას, დამოკიდებულია მეღვინის სურვილსა და გამოცდილებაზე, მერყეობს რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე. თუმცა, გარდა ამისა, გარკვეულ რეგიონებში კანონით გათვალისწინებულია მინიმალური დრო, რაც ღვინომ უნდა დაჰყოს კასრში.
კასრები განსხვავდება ზომის მიხედვითაც. ტრადიციულად მეღვინეობაში გამოიყენება 225 ლიტრი მოცულობა, თუმცა გვხვდება როგორც უფრო პატარა ზომის, ასევე, დიდი, 20 000 ლიტრამდე მოცულობის მუხის ჭურჭელიც. უნდა აღინიშნოს, რომ მცირე ზომის კასრებში მუხასთან კონტაქტი უფრო მაღალია, შესაბამისად არომატები გადადის მეტად ინტენსიურად და სწრაფად. რაც უფრო დიდია კასრი, მით უფრო მეტი დრო სჭირდება ექსტრაქციას და მომწიფებას.
მეღვინეობაში მუხის ორი ძირითადი სახეობა გამოიყენება, ესენია: Quercus alba, იგივე ამერიკული თეთრი მუხა და Quercus petrea - ევროპული თეთრი მუხა. ორივე მათგანი ინდივიდუალურია და გვთავაზობს განსხვავებულ გემოს და არომატულ პროფილს. მნიშვნელოვანია კლიმატი და ნიადაგური ფაქტორები სადაც იზრდება მუხა. სწორედ ამიტომ განსხვავდება თვისობრივად კასრები გეოგრაფიული წარმოშობის მიხედვით. ევროპული მუხა ნაპოვნია საფრანგეთში, უნგრეთსა და ხორვატიაში, ხოლო ამერიკული მუხა - მისურის შტატსა და შუა დასავლეთში.
მთავარი განსხვავება ევროპულ და ამერიკულ მუხას შორის არის სიმკვრივე. ევროპული მეტად მკვრივია ამერიკულთან შედარებით, რაც უზრუნველყოფს ნაკლები ლაქტონების და ჟანგბადის გადასვლას ღვინოში. ზოგადად, ამერიკული მუხა იდეალურია უფრო თამამი და სტრუქტურული ღვინოებისთვის, როგორიც არის კაბერნე სოვინიონი, სირა. ამ ჯიშებს აქვს პოტენციალი გაუმკლავდეს ამერიკული მუხის ძლიერ არომატს და ჟანგაბის შეღწევადობას. ევროპული მუხა შესანიშნავად ერწყმის რბილ და ელეგანტურ პინო ნუარს, შარდონეს და სხვა ჯიშებს.
ერთი მუხის ხისგან მზადდება დაახლოებით ორი კასრი. მუხის ზრდას რამდენიმე ათეული წელი სჭირდება, ხოლო კასრის დამზადების ტექნოლოგიაც დიდ ცოდნას და უნარებს მოითხოვს. აღნიშნული ფაქტორები, ცხადია, აისახება კასრის ფასზე. ღვინის დავარგება მუხაში მართალია აძვირებს საბოლოო პროდუქტს, თუმცა, ასევე, ღვინოს ამდიდრებს, ანიჭებს უნიკალურ დახვეწილობას და შესანიშნავად წარმოაჩენს ჯიშურ მახასიათებლებს, რაც მხოლოდ ამ გზით მიიღწევა.